დიმიტრის დიმიტრიადისის საკულტო რომანის – „ვკვდები როგორც ქვეყანა“ პრეზენტაცია გაიმართება

30 ივნისს, 19:00 საათზე, თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში თანამედროვე ბერძენი კლასიკოსი მწერლის, დიმიტრის დიმიტრიადისის საკულტო რომანის – „ვკვდები როგორც ქვეყანა“ პრეზენტაცია გაიმართება. წიგნი ქართულ ენაზე თარგმნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტმა – თათია მთვარელიძემ. წიგნი გამოიცა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის საგამომცემლო პროგრამა „ლოგოსის“ მიერ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით.
დიმიტრიადისის „ვკვდები როგორც ქვეყანა“ ბოლო 30 წლის განმავლობაში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს როგორც საბერძნეთში, ისე საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, პორტუგალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში. ნაწარმოები და მისი თარგმანები უკვე ორი ათეული წელია, გაყიდვებისა და პოპულარობის თვალსაზრისით, პირველობას არ კარგავს თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის ნიმუშებს შორის. ნაწარმოების მიხედვით შექმნილი სპექტაკლები კი ასევე უდიდესი წარმატებით იდგმება მსოფლიოს არაერთ ცნობილ სცენაზე. წარმოდგენილი თარგმანი ტექსტის პირველი ქართული თარგმანია, რაც ქართველ მკითხველს საშუალებას აძლევს ქართულ ენაზე გაეცნოს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ კულტურულ გარემოში შექმნილი ტექსტია, საყოველთაო ისტორიული და კულტურულ-იდეოლოგიური პრობლემატიკის შიშვლად წარმოჩენის გამო, ზედმიწევნით შეესაბამება და ასახავს ბოლო რამდენიმე ათწლეულის ქართულ რეალობასაც.
ამასთანავე, 2016 წლიდან, აღნიშნული თარგმანის წყალობით, ქართველ მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ქართულ ენაზე იხილოს ცნობილი ბერძენი რეჟისორის, მიხეილ მარმარინოსის სპექტაკლი „ვკვდები როგორც ქვეყანა“, რომელმაც დიდი წარმატება და გამოხმაურება ჰპოვა მთელ ევროპაში და დღემდე რეჟისორის საუკეთესო ქმნილებად ითვლება. დიმიტრის დიმიტრიადისის ესკიზი რომანისათვის, როგორც თავად ავტორი განსაზღვრავს ნაწარმოებს „ვკვდები როგორც ქვეყანა“, მოგვითხრობს ამბავს ეპოქისა, რომელსაც „საშოს შუასაუკუნეები“ ეწოდა.
ესაა ეპოქა მრავალწლიანი ომებისა, როდესაც საომარ აგონიაში მყოფი ქვეყნის ჯარისკაცები შიშსა და სასოწარკვეთას მისცემიან, როდესაც ხალხს ერთადერთ ხსნად მტრის ჯარის შემოსვლაღა ესახება, როდესაც ეკლესიის ერთადერთ მიზანს აქამდე არსებულთა საპირისპირო, პერვერსიული ღირებულებების დამკვიდრება წარმოადგენს, როდესაც კრიმინალს ოფიციალურად იცავს კანონი, როდესაც კაცს დაუკარგავს ძირითადი – გამრავლების ფუნქცია დაб შესაბამისად, ქალები წლების განმავლობაში ვეღარ შობენ ბავშვებს. ესაა ამბავი ერის სიკვდილისა, არა იმდენად ფიზიკური, რამდენადაც სულიერი სიკვდილისა. დამარცხებული ქვეყნის მოსახლეობის შეგნებაში ყველა ადამიანური ღირებულების სიკვდილი და თავად ადამიანის ღირებულების სიკვდილი უფრო მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიკვდილი, თუნდაც იყოს ეს ქვეყნის მსოფლიო გეოპოლიტიკური რუკიდან გაქრობა. ამ საყოველთაო და ქაოსურ სიკვდილში კი ერთეული, მომაკვდავი ადამიანების ხმა არავის ესმის, თუმცაღა მას სიტყვა-სიტყვით თანხვდება ქალად ქცეული ქვეყნის გოდება, ქვეყნისა, რომელსაც აღარ ძალუძს დასაბამი მისცეს ახალ სიცოცხლეს, ქვეყნისა, რომლის სული და სხეული თანადროულ სიკვდილს მოუცავს.
ესაა მოკლე მონახაზი დიმიტრიადისის რომანისა „ვკვდები როგორც ქვეყანა“, რომელიც პირველად 1979 წელს გამოქვეყნდა, ანუ მაშინ, როდესაც თანამედროვე ბერძნული სახელმწიფოს ჩამოყალიბება სულ ახალი დაწყებული იყო და დიქტატორულ რეჟიმს თავდაღწეული ერის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი ჯერ კიდევ დღის წესრიგში იდგა. მიუხედავად იმისა, რომ თავად ტექსტს რამე სახის პრემია ან ჯილდო არ მოუპოვებია, მისი ლიტერატურული ღირებულების ყველაზე დიდ მაჩვენებლად რჩება ფაქტი, რომ ნაწარმოები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე უფრო წაკითხვად და პოპულარულ თანამედროვე ბერძნულ ტექსტად წარმოგვიდგება, მის საფუძველზე შექმნილი სპექტაკლები კი ბოლო 20 წლის განმავლობაში დიდი წარმატებითა და გამოხმაურებით იდგმება საბერძნეთის, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების ცნობილ თეატრალურ სცენებზე. ნაწარმოების ტექსტი ერთ-ერთ ყველაზე რთულ და მრავალწახნაგოვან ტექსტად ითვლება მე-20 საუკუნის ბერძნულ ლიტერატურაში, შესაბამისად, მისი თარგმნა მთელ რიგ სირთულეებს წარმოშობს მთარგმნელის წინაშე. რემინისცენციები ანტიკურ, ბიზანტიურ და ბიბლიურ ტექსტებთან, მისი მაღალმხატვრული, თუმცა ძალზე ჩახლართული სინტაქსი, ბერძნული ენის განვითარების სამივე საფეხურიდან მოხმობილი ლექსიკა და ერთი შეხედვით, ისტორიული პროზის ნიმუშის სკაბრეზთან შერწყმული პოეტური სტილი, შინაარსობრივ მხარესა და მასში წამოჭრილ დიაქრონულ, საყოველთაო პრობლემატიკასთან ერთად, წარმოადგენს ტექსტის მთავარ ღირსებასაც და სირთულესაც მისი თარგმნა-გააზრების პროცესში. 2014 წლის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, დიმიტრიადისის „ვკვდები როგორც ქვეყანა“ ახალი ბერძნული ლიტერატურის (1813-2013 წწ.) საუკეთესო ნიმუშების ასეულში მე-19 ადგილს იკავებს, ბოლო ათწლეულის გაყიდვების მიხედვით კი, მე-3 ადგილზეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები