გიული ჭოხონელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გაიმართება საქართველოს სახალხო არტისტის, გიული ჭოხონელიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება – „ცხოვრების ფურცლები“. ღონისძიების ფარგლებში გამოფენილი იქნება არტისტის სარეჟისორო და სამსახიობო მოღვაწეობის ამსახველი ფოტომასალა, აფიშები, ფოტოები პირადი საოჯახო ალბომიდან, ასევე ორი ცნობილი კოსტიუმი – ანთიმოზ ივერიელისა და პეტრე ბაგრატიონის როლში, რომლებიც სახსოვრად გადაეცემა მუზეუმს.

ღონისძიების „ცხოვრების ფურცლები“ მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; ორგანიზატორია – კომპანია „სევენთი“. უკვდავთა ბაღში საზეიმოდ გაიხსნება გიული ჭოხონელიძის ბიუსტი, რომლის ავტორია მოქანდაკე მერაბ მერაბიშვილი.

დამსწრე პუბლიკას საშუალება ექნება, მოუსმინოს აუდიოჩანაწერს ავტობიოგრაფიული წიგნიდან „ჩემი ცხოვრების ფურცლები“, რომელსაც გიული ჭოხონელიძის შვილიშვილები კითხულობენ. ცნობილ ქართველ რეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს გიული ჭოხონელიძეს წელს 86 შეუსრულდებოდა; გადაღებული აქვს ორი მოკლემეტრაჟიანი, ერთი დოკუმენტური და ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმი: „ქოჩორა“, „გაზაფხულის საღამო“, „წინაპართა მიწა“, „ბაგრატიონი“, „სპირალი“, „ანთიმოზ ივერიელი“. სხვადასხვა ფესტივალზე მიღებული აქვს პრიზები და ჯილდოები. გიული ჭოხონელიძემ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიაში 60-მდე მთავარი როლი განასახიერა. მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები. გიული ჭოხონელიძე პირველი ქართველი მსახიობია, რომელმაც პირველ საბჭოთა „ოსკაროსან“ ფილმში „ომი და მშვიდობა“ შეასრულა პეტრე ბაგრატიონის როლი. ღონისძიების მასპინძელია ღვინო „ხარება“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები