ეუთომ უკრაინაში ახალი სპეცწარმომადგენელი დანიშნა
ეუთომ უკრაინაში ახალი სპეცწარმომადგენელი დანიშნა. ამ პოსტზე ავსტრიელი დიპლომატი მარტინ საიდიკი დაინიშნა, რომელიც მანამდე გაეროში ავსტრიის წარმომადგენლად მუშაობდა.
საიდიკმა ამ პოსტზე ჰაიდი ტალიავინი შეცვალა, რომელიც დაახლოებით ორი კვირის წინ გადადგა. მარტინ საიდიკის დანიშვნის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა.
„საიდიკი გამოცდილი დიპლომატია, რომელსაც საერთაშორისო სამართლის დარგში ფართო ცოდნა აქვს და ჩვენ მას სიამოვნებით ვიღებთ ჩვენს გუნდში“, – განაცხადა დაჩიჩმა.
რუსული მედიის ცნობით, საიდიკმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სატელეფონო კონსულტაციები უკვე გამართა. სერგეი ლავროვის უწყებაში აცხადებენ, რომ ახალმა სპეცწარმომადგენელმა გამოთქვა მზადყოფნა, დონბასში სიტუაციის მოსაგვარებლად, მინსკის შეთანხმებების შესაბამისად, ძალისხმევის მაქსიმუმი გამოიყენოს.