ფეხბურთის ფედერაცია მოსახლეობას ბილეთების შეძენას, biletebi.ge-ს გარდა, სხვა საიტებზე ყიდვისგან თავის შეკავებას ურჩევს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოსახლეობას უეფა-ს სუპერთასის, “ბარსელონა-სევილიას” მატჩის ბილეთების შეძენას, biletebi.ge-ს გარდა, სხვა საიტებზე ყიდვისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთა სიმრავლის გამო აღნიშნული საიტი დროებით დაბლოკილია, გთხოვთ, ნუ გახდებით გადამყიდველთა და ცრუ საიტების მსხვერპლი და ნუ შეიძენთ არარსებულ ბილეთებს გაასმაგებულ ფასად“,-ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.
მათივე ცნობით, www.biletebi.ge საიტის ადმინისტრაცია ამ დროისათვის მუშაობს არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად და ბილეთების შეძენა უახლოეს საათებში შესაძლებელი გახდება.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოსურათი, სადაც ბარსელონა -სევილიას მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი გაასმაგებულ ფასად იყიდება.
უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო. საიტზე ამ დრომდე ვერ ხერხდება ბილეთების გაყიდვა.