დავით ნარმანია: სტიქიის ზონიდან 110 ოჯახის გაყვანა მოხდა
სტიქიის ზონიდან საერთო ჯამში 110 ოჯახის გაყვანა მოხდა, – ამის შესახებ საგანგებო შტაბის სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გაყვანილი 110 ოჯახიდან, უმეტესობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, დაბრუნებას შეძლებს, ხოლო 10-მდე ოჯახი, რომელთა სახლები აღდგენას არ ექვემდებარება, ან რისკის ზონაში მდებარეობს, განსახლების გეგმაში მოექცევა.
დავით ნარმანიას თქმით, მეორე კატეგორია წარმოადგენს ოჯახებს, რომელთა სახლებიც წყალმა მთლიანად წაიღო. რაც შეეხება მესამე კატეგორიას, მისი განმარტებით, აღნიშნულში შედის სახლები, რომლებიც დაზიანებულია და ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე უვარგისია საცხოვრებლად.
“შესაბამისად, მეორე და მესამე კატეგორიის ოჯახები საკუთარ სახლებში ვერ დაბრუნდებიან, თუმცა ასეთი ოჯახების რაოდენობა არის ათამდე. აღნიშნული კატეგორიის ოჯახები აუცილებლად განსახლების გეგმის ქვეშ უნდა მოექცეს, რაზე მუშაობაც უკვე დაწყებულია”, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.