პრემიერი: ჩვენ გვინდა რომ მოხალისეები შედარებით მსუბუქ სამუშაოებზე გადავიყვანოთ

მოხალისეებს ხვალიდან შედარებით მსუბუქ სამუშაოებზე გადაიყვანენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს „მზიურში“ განაცხადა, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
პრემიერი მოხალისეების მიერ ჩატარებულ სამუშაოს ადგილზე გაეცნო და ახალგაზრდებს მადლობა გადაუხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, „მზიურში“ მოხალისეებმა, ჯარისკაცებმა, მაშველებმა და პოლიციელებმა, ერთობლივად უზარმაზარი სამუშაო ჩაატარეს და იქ უკვე მძიმე ტექნიკა შედის. გარდა ამისა, პრემიერის თქმით, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ზომები, რადგან ახალგაზრდები მუშაობისას სხვადასხვა სახის დაზიანებას იღებენ.
„ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ ჩვენს მოხალისეებზე, ახალგაზრდებზე. გვინდა, ეტაპობრივად ჩავანაცვლოთ ისინი და შედარებით მსუბუქ სამუშაოებზე გადავიყვანოთ. საჭიროა, აქ შემოვიდეს მძიმე ტექნიკა და ჩვენ ეტაპობრივად დავიწყოთ მათი ჩანაცვლება. ხვალიდან დაიწყება მათი განაწილება შედარებით მსუბუქ ობიექტებზე. ძალიან ცხელა დღის განმავლობაში და არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ მათ რაღაც ზიანი მიიღონ. ჩვენი ვალდებულებაა, ვიზრუნოთ მათ უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს მოხალისეებმა და აღნიშნეს, რომ ერთობლივი ძალისხმევის გარეშე სტიქიის შედეგებთან გამკლავება გართულდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები