„ხვალიდან მოხალისეებს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ“

ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები ჩაანაცვლებენ – ამის შესახებ კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები წითელი ჯვრის საზოგადოებასთან, რომელიც მოხალისეებს ჩართავს დაზარალებული ოჯახების დახმარების პროცესში და გაუწევს მათ კოორდინაციას.
„კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, მოხალისეებს, რომლებიც სტიქიის პირველივე საათებიდან ჩაერთვნენ და თავდაუზოგავად იშრომეს სტიქიის შედეგებთან გასამკლავებლად. მათ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოავლინეს, ძალიან დიდი დახმარება გაუწიეს ქალაქს და განსაცდელში მყოფ ადამიანებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.სტიქიის შემდეგ გასულია რამდენიმე დღე, ბევრ უბანზე არის დამდგარი წყალი, სტიქიის ზონაში კიდევ რჩება დაღუპულ ცხოველთა ნეშტები, მაღალია ჰაერის ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ნორმები და ეპიდემიის ან ინფექციის გავრცელების საშიშროება მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე მიუხედავად იმისა რომ მოხალისეები უზრუნველყოფილი არიან საკვებით, ცივი წყლით, პირველადი ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო მომსახურებით და შესაბამისი აღჭურვილობით, გუშინ რამდენიმე მოხალისეს შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები სწორედ მაღალი ტემპერტაურის გამო, რამდენიმემ კი მიიღო ზედაპირული დაზიანება. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ყოველგვარი რისკის აღმოსაფხვრელად, ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეთა ჩანაცვლება მოხდება, შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებით“,-აღნიშნა ღიბრაძემ.
მისივე თქმით, გორის რაიონის სოფელ რეხაში სათანადო სამსახურების წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა დილით აღმოჩენილი ნაკვალევი შეისწავლეს და დადგინდა, რომ ნაკვალევი ძაღლს ეკუთვნის.
„ასევე, არ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია, წეროვანში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ. მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მაქსიმალური სიფხიზლისა და ყურადღებისკენ. ასევე შეგახსნებთ, რომ საჭირეობის შემთხვევაში დაუკავშირდით 112-ს“,-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები