“ლაგუნა ვერესთან” აღმოჩენილ თხევადი ქლორის კონტეინერებს სპეციალური ტრანსპორტით გადაიტანენ
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ თხევადი ქლორის კონტეინერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ქლორის გაჟონვის საფრთხე არ არსებობს და შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ ტერიტორიის 24 საათიან მონიტორინგს.
“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ თხევადი ქლორის კონტეინერებთან დაკავშირებით განვმარტავთ, რომ ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სპეციალისტები და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. აღმოჩენილი ქლორის კონტეინერებიდან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობს. მთავარ რისკად რჩება კონტეინერების ტრანსპორტირება, სწორედ ამიტომ სამინისტროს მხრიდან მზადდება შესაბამისი სტანდარტული პროცედურები. პროცედურების დასრულებისთანავე, მოძრაობის ნაკლები ინტენსივობის ეტაპზე, მოხდება ადგილიდან კონტეინერების სპეციალური ტრანსპორტით უსაფრთხოდ გატანა“,-აცხადებენ სამინისტროში.