სოსო მანჯავიძე: ვერ დავუშვებთ, რომ ადგილი აქვს მასობრივ ჰალუცინაციებს და ხალხს კატები ვეფხვებად ეჩვენება

საკრებულოს დეპუტატის, სოსო მანჯავიძის განცხადებით, ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი პროვოკაციების მიზანია ცუდად წარმოჩინდეს ის, რაც სტიქიის ლიკვიდაციის პროცესში დადებითი იყო. როგორც მანჯავიძემ “პირველ პრესკლუბში” პრესკონფერენციაზე განაცხადა, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაციების ერთ-ერთი მაგალითი 112-ში განხორციელებული ის 1 500 ზარია, თითქოს მოქალაქეებმა მტაცებელი შეამჩნიეს.
„თქვენ ალბათ ყველამ იხილეთ “რუსთავი 2”-ის გუშიდელი სიუჟეტი, სადაც ვნახეთ, რომ საჭმლის არ მიცემის მიზნით, თიქთოს მოხალისეებს შორის, რაღაც კონფლიქტი მოხდა. ცხადია ეს მე გამოვიკვლიე, ეს იყო წმინდა წყლის პროვოკაცია, სადაც რატომღაც იქვე აღმოჩნდა “რუსთავი 2”-ის გადამღები კამერა. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ მიმდინარეობს მზადება, ვითომ მთავრობის უნიათობისა და უსუსურობის სადემონსტრაციოდ მოხდეს მოხალისეების დაზიანება, მოწამვლის იმიტირება ან ერთმანეთში კონფლიქტი. რა მზადდება “ნაციონალური მოძრაობის” ბნელ გულში, რთული საპროგნოზოა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაციით მზადდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციათა რიგი. “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი პროვოკაციების ერთ-ერთი მაგალითი 112-ში განხორციელებული 1 500 ზარია, რომ თითქოს მოქალაქეებმა მტაცებელი შეამჩნიეს. ვერ დავუშვებთ, რომ ადგილი აქვს მასობრივ ჰალუცინაციებს, რომ ადამიანებს კატები ვეფხვებად და ლეოპარდებად ეჩვენება”,- განაცხადა სოსო მანჯავიძემ.
დეპუტატის თქმით, საჭიროა იმ ადამიანებს, რომლებიც 112-ში ცრუ შეტყობინებებს ტოვებენ, პასუხისმგებლობა დაეკისროთ.
“საჭიროა სახელმწიფოს ჰქონდეს მექანიზმები, რომ ასეთი ტიპის მოქმედებების გამო, ადამიანებს ეკისრებოდეთ პასუხისმეგბლობა. იმ პოლიტიკურ ჯგუფების წინააღმდეგ კი, რომლებიც მართავენ ამ ხალხს, თავისი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებისათვის, სანქციები ტარდებოდეს”,- აღნიშნა საკრებულოს დეპუტატმა.
კითხვაზე, თუ რა აძლევს სოსო მანჯავიძეს აღნიშული განცხადების გაკეთების საფუძველს, დეპუტატის პასუხი ასეთია: “პასუხი მარტივია, არსებობს ათწლიანი გამოცდილება, რაც “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში იყო და ხუთწლიანი გამოცდილება, რაც ხელისუფლებაში აღარ არის. ის, რომ ეს მოძრაობა ყოველთვის დაკავებული იყო პროვოკაციებით და არაერთხელ იქნა მხილებული, უცხო არავისთვისაა, გარდა თავგადაკლული მომხრეებისა. მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პროვოკაციების შესაძლებლობებს განიხილავს”,- განაცხადა დეპუტატმა.
სოსო მანჯავიძე მოხალისეებს მოუწოდებს სიმშვიდე შეინარჩუნონ და პროვოკაციას არ აყვნენ.
“მოხალისეების ღვაწლი ქვეყნის წინაშე ნამდვილად დასაფასებელია, თუმცა ერთი პატარა მსგავსი ინციდენტი ახლა ძალიან ცუდად წარმოაჩენს იმას, რაც დადებითი იყო. სწორედ ეს არის პროვოკაციის მიზანი”,- აცხადებს მანჯავიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები