თბილისის მერიაში უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს

თბილისის მერიაში ვერეს ხეობის აღდგენასთან და გზის გატარებასთან დაკავშირებით უწყებათაშორისი კომისიის სხდომა მიმდინარეობს.
ქალაქის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დღეს უნდა იმსჯელონ ვერეს ხეობის განვითარების მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივებზე.
“პრემიერთან გამართულმა შეხვედრამ განაპირობა დღევანდელი სხდომის დაგეგმვა. იქ ვისაუბრეთ არსებულ მდგომარეობაზე, ვიმსჯელეთ, თუ რა შესაძლო ალტერნატივები არსებობს ვერეს ხეობის აღდგენისთვის და ხეობაში გზის გატარებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ მოკლევადიანი გეგმა აუცილებლად გვჭირდება და სექტემბრამდე თუ ამ გზის აღდგენას აზრი არ აქვს, ასეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება ალტერნატიულად ტრანსპორტის მოძრაობა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერის განმარტებით, დღეს საუბარი იქნება არა მხოლოდ თამარაშვილის-გმირთა მოედნის გზაზე, არამედ მთლიანად ხეობის განვითარებაზე, მათ შორის წყნეთი-ბეთანიის გზაზე.
“ვიმსჯელებთ ტრანსპორტის გადაადგილების სქემებზე. როგორ უნდა მოვიქცეთ. გადაუდებელი წესით დაზიანებული გზების აღდგენა, ეს უნდა იყოს ჩვენი მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა, ხოლო უფრო გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა იქნება უფრო მყარი რისკების გათვალისწინებით ინფრასტრუქტურის მოწყობა იმგვარად, რომ მოგვცეს საშუალება, რომ მომავალში მსგავსი სტიქიის დროს თავიდან ავირიდოთ ასეთი შედეგები. ასევე, ვისაუბრებთ იმაზე, რომ ადრეული შეტყობინებებისა და სისტემების შესყიდვა და მონტაჟი დროულად დაიწყოს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან მიეცემა დაფინანსება გარემოს დაცვის სამინისტროს და ისინი იზრუნებენ და იმუშავებენ ამ საკითხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები