თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და პრემიერის ინიციატივით დაარსებული სოლიდარობის ფონდი მხარდაჭერას უცხადებს სტიქიით დაზარალებულ ადამიანებს
20 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი სეზონს ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისით“ ხურავს. შემოსული თანხა სტიქიით დაზარალებულებს გადაერიცხებათ.
კონცერტი 19:00 საათზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ნინო ჩაჩუა, ირინა ალექსიძე, არმაზ დარაშვილი, მამუკა ლომიძე, კახაბერ თეთვაძე, ალექსანდრე დეკანოიძე; თბილისის ოპერის თეატრის გუნდი და ორკესტრი; დირიჟორი რევაზ ტაკიძე. „დაისის“ შექმნის იდეა ზაქარია ფალიაშვილს ცნობილმა ქართველმა დრამატურგმა და მსახიობმა ვალერიან გუნიამ მიაწოდა, რომელმაც შემდეგ ოპერის სიუჟეტი და ლიბრეტოც შექმნა. გუნიამ გამოიყენა შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთელის, ვაჟა-ფშაველას და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები. ოპერის პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს თბილისში შედგა. „დაისის“ წარმატებულ პრემიერას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ლეგენდარულმა მომღერალმა ვანო სარაჯიშვილმა, რომელიც მალხაზის როლს ასრულებდა. ზაქარია ფალიაშვილის უკვდავმა ოპერამ „დაისი“ პირველივე წარმოდგენიდან დაიმკვიდრა მუდმივი ადგილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარში.