გიორგი კვირიკაშვილი ესპანელ ბიზნესმენებს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ესპანელ ბიზნესმენთა ჯგუფი მიიღო, რომლებიც საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით არიან ჩამოსული.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი, თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, საპარტნიორო ფონდის გენერალური დირექტორი ირაკლი კოვზანაძე და სხვა ოფიციალური პირები.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა თბილისში გასტრონომიული სადეგუსტაციო ტურისტული სავაჭრო ცენტრის ორგანიზებაზე, რომლის მსგავსიც ესპანეთის დედაქალაქ მადრიდის ისტორიულ ნაწილში მდებარეობს. ტურისტული ბაზრობა მერკადო დე სენ მიგელი უცხოელ ტურისტებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობს.
კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისში ნამდვილად არის მოთხოვნა თანამედროვე, მაგრამ ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებზე დაფუძნებული გასტრონომიული სადეგუსტაციო ტურისტული სავაჭრო ცენტრის მოწყობაზე.
„ჩვენ მზად ვართ, საპარტნიორო ფონდის მეშვეობით, განვახორციელოთ წამახალისებელი ინვესტიცია, რათა კერძო პარტნიორი დავაინტერესოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ვიზიტისას ესპანელი ინვესტორები თბილისში დაათვალიერებენ რამდენიმე ობიექტს, სადაც შესაძლებელია, ესპანური „მერკადოს“ ტიპის ტურისტული სადეგუსტაციო სავაჭრო ცენტრის განთავსდეს. ესპანელი ბიზნესმენები თბილისში ორ დღეს დარჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები