უნგრეთის ხელისუფლება სერბეთის საზღვარზე კედლის აშენებას აპირებს
უნგრეთის ხელისუფლება უკანონო მიგრანტებთან საბრძოლველად ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს. ვინაიდან მიგრანტები უნგრეთში, ძირითადად, სერბეთის გავლით ხვდებიან, ქვეყნის ხელისუფლება საზღვარზე 4 მეტრის სიმაღლის კედლის აშენებას არ გამორიცხავს.
„უნგრეთის მთავრობამ ფაქტობრივად შინაგან საქმეთა სამინისტროს სერბეთთან საზღვრის ჩაკეტვა დაავალა. ასევე დაწყებულია მზადება 175-კილომეტრიანი საზღვრის გაყოლებაზე 4-მეტრიანი ღობის მშენებლობის შესახებ“, -განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ.
რამდენიმე დღის წინ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მიგრანტებთან დაკავშირებით მიდგომა უნდა შეცვალოს. მისი აზრით, ბრიუსელმა ევროკავშირის გარეთ სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა უნდა დააფინანსოს. ამ შემთხვევაში მიგრანტების განაცხადების განხილვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოხდება, ხოლო ევროპაში მხოლოდ შესაბამისი საბუთების მქონე პირებს შეუშვებენ.