ნოდარ ხადური თსუ ეკონომიკის სკოლის სტუდენტებს და პროფესორებს შეხვდა

  საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. მან სტუდენტებსა და პროფესორ – მასწავლებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მაკროეკონომიკური პარამეტრებისა და ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ასევე გააცნო საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“ ძირითადი მიმართულებები. ნოდარ ხადურმა ხაზი გაუსვა ,,საქართველო 2020“ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სტრატეგია მიზნად ისახავს ქვეყანაში ინკლუზიურ/ყოვლისმომცველ ეკონომიკურ ზრდას. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პროექტი საბოლოო დამტკიცებამდე საჯაროა ყველასთვის, რადგან სამინისტროსთვის მისაღები და საყურადღებოა საზოგადოების თუნდაც ყველაზე კრიტიკული, თუმცა ჯანსაღი მოსაზრება. მინისტრმა სტუდენტებს სთხოვა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ დოკუმენტის განხილვაში, რომელიც გამოქვეყნებულია ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ვებგვერდებზე.
„სტუდენტებთან ვისაუბრეთ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, გავაცანით ჩვენი ხედვა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის თაობაზე. სტუდენტების მხრიდან ძირითადი შეკითხვები სწორედ სტრატეგიის განხორციელების ღონისძიებებს შეეხო, თუ როგორ აპირებს ქვეყანა დასახული მიზნისკენ სვლას. რაც შეეხება სტრატეგიის დამტკიცების ვადებს, დოკუმენტი ჯერ ისევ განიხილება საჯარო სივრცეში, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მისი განხილვა მთავრობის სხდომაზე“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
,,დღევანდელი პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო ISET-ის სტუდენტებისათვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ფინანსთა მინისტრის მეშვეობით გავიგეთ 2020 წლისთვის დაგეგმილი სტრატეგიული ცვლილებები ჩვენს ეკონომიკაში. მისასალმებელია ისიც, რომ დამტკიცებამდე დოკუმენტის გაცნობა ხდება სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის, სტუდენტებისთვის. ფინანსთა მინისტრმა დღეს მოისმინა ჩვენი შეხედულებები და იდეები, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი იქნება დოკუმენტის ავტორებისთვის“, – განაცხადეს შეხვედრის დასრულების შემდეგ ISET-ის სტუდენტმა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მაგისტრატურის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები და მკვლევარები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. ფინანსთა მინისტრმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები