ვერეს დაბინძურების მოკლე ისტორია
XIX საუკუნის მეორე ნახევარში მდ. ვერეს სათავეში ტყის მასიური გაჩეხვა მიმდინარეობდა, რის გამოც წყლის დონემ იმდენად იკლო, რომ XX-ის დასაწყისისთვის XVII საუკუნის ოთხმალიანი ხიდის ქვეშ (ახლანდელ გმირთა მოედანზე) წყალი მხოლოდ ორი მალის ქვეშ მოედინებოდა.
XX-ის 20-იან წლებში მკვეთრად იმატა ნიადაგის ჩამორეცხვა-ეროზიის ფაქტებმა, მდინარის კალაპოტში გაჩნდა დიდი რაოდენობით გამონარიყი.
1927 – პირველი ნაბიჯი დაბინძურებისკენ. მდინარე ვერეს ხეობაში დაარსდა თბილისის ზოოლოგიური პარკი, რომელიც დღეს 120 ჰექტარს მოიცავს. 1930-იანი წლებიდან დაიწყო გმირთა მოედნის ინტენსიური განაშენიანება.
1932 – ძველი ხიდის გვერდით ააშენეს ახალი, სამმალიანი ხიდი. ძველმა, ე.წ. ხოჯა ბეჰბუდას ხიდმა ფუნქცია დაკარგა, თუმცა ფიზიკურად იგი 1957 წლამდე არსებობდა. 1935 – ჩელუსკინელების ქუჩის გაყვანისას ამოღებული გრუნტი მთლიანად მდინარე ვერეში ჩაყარეს. 1950-იანი წლებიდან დაიწყო ვერეს ხეობის ინტენსიური განაშენიანება, ამავე პერიოდში, ინდუსტრიალიზაციის პროცესმა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად შეამცირა მდინარის წყალშემკრები აუზი, ზოგი შენაკადი საერთოდაც დაშრა. ამავე პერიოდში გადაიხურა მთლიანად მდინარე ვერეს ხეობის ბოლო მონაკვეთი.
1957 წლის ზაფხულში, ძველი ხიდის მთავარი კამარის აფეთქების შემდეგ ხიდმა არსებობა დაასრულა.
1950-იანი წლების ბოლოდან, ვერეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაკადი, ვარაზისხევი, ბეტონის სადინარში მოაქციეს, ნაწილობრივ კი კუს ტბისკენ გადააგდეს დამატებითი გვირაბით.
1970-იანი წლების დასაწყისიდან ინტენსიური განაშენიანება დაიწყო მდ. ვერეს მარჯვენა ნაპირზე, წყნეთის ქუჩიდან – ატენის ქუჩის ჩათვლით. ასევე მდინარის მარცხენა ნაპირზე. 1978 – მაშინდელი მონაცემებით, აბრეშუმკომბინატის მარტო სამღებრო საამქროდან დღეში 800 კუბ. მეტრი სხვადასხვა საღებავი ნივთიერება ჩაედინებოდა მდ. ვერეში. 1982 წელს მდინარე ვერეს ხეობაში საბავშვო ქალაქი მზიური გაიხსნა. იდეა ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნოდა. პარკის მოწყობაში არქიტექტორთა და მოქანდაკეთა ჯგუფი მონაწილეობდა. ამ პერიოდში, მდინარის რამდენიმე ასეულ მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ბეტონის ჯებირებში მოექცა.
1985 – მდ. ვერეს ქიმიური დაბინძურება მაქსიმუმს აღწევს. ამ დროისთვის მდინარეში ჩაედინება მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოების მიერ ნახმარი წყალი, ასევე საცხოვრებელი კორპუსების კანალიზაცია. ამ წელს ვერეზე მაქსიმალური გაჭუჭყიანების 19 შემთხვევა აღინიშნა.
1990-იანი წლებიდან წამოწყებული მშენებლობების ახალი ტალღის გამო მდინარე ვერეს დაბინძურების ახალი ეტაპი დაიწყო. 2009 წლის მაისში თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება ვარაზისხევიდან თამარაშვილის ქუჩამდე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაყვანის შესახებ და მდინარის 600 მეტრიანი მონაკვეთი ერთ გოფრირებულ მილში აღმოჩნდა.