საკრებულოში სტიქიის შედეგების დროული ლიკვიდაციის გზები განიხილეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის, ასევე ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის წევრება, თბილისის საკრებულოდან სესხის აღების შესახებ თანხმობის გამოთხოვის თაობაზე და დედაქალაქში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციის გზები დასახეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე, რომელსაც გოჩა ბაბუნაშვილი და ჯაბა სამუშია უძღვებოდნენ, დეპუტატებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას. ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის – ჯაბა სამუშიას განცხადებით, სტიქიის შედეგების დროული ლიკვიდაციის მიზნით, თბილისის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 18 მლნ ლარის ოდენობის სესხის აღება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან განხორციელდება.
„მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა მთავრობამ, სტიქიის შედაგად მიყენებული ზარალის საბოლოო ოდენობის დადგენამდე, უკვე გამოყო 10 მლნ ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. ამას დაემატება დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აღებული იქნება 18 მლნ ლარის ოდენობის სესხი თბილისის განვითარების ფონდიდან“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
როგორც დეპუტატმა განმარტა, საკრებულოში უახლოეს პერიოდში, ასევე შემოვა თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი, რომელიც მეოთხე კვარტლიდან მესამე კვარტალში თანხების მობილიზებას უზრუნველყოფს.
„ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი, რომელსაც ჩვენ უახლოეს პერიოდში განვიხილავთ, იმ პრობლემების მოგვარებას მოხმარდება, რომლებიც დედაქალაქს სტიქიამ მიაყენა. შესაბამისად, ჩვენ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასაც ვგეგმავთ“,-აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
სხდომაზე, კომისიის წევრებს, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ – გოჩა ბაბუნაშვილმა, ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი წარუდგინა. დეპუტატებმა თანხმობა მისცეს საბურთალოს რაიონში, დიღმის ცენტრალურ სატრანსპორტო გზაზე ავარიული საყრდენი კედლის აღდგენითი სამუშაოების და ჩუღურეთის რაიონში, ბუხაიძის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის, მწვავედ ავარიული უბნების გამაგრებითი სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით განხორციელების საკითხებს. ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომას, დეპუტატების გარდა, თბილისის მერიისა და საბურთალოს, ასევე ჩუღურეთის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები დაესწრნენ.