თბილისის მერიის ინიციატივით, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა
თბილისის მერიის ინიციატივით, ზოოპარკი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადავა, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნეს კონტაქტში ” საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც თბილისში გმირთა მოედნიდან ვაკე-საბურთალოს მიმართულებით ახალი გზის გაჭრა მოხდა, იქ დაირღვა ეკოლოგიური მდგომარეობა. მდინარე ვერე მოექცა ხიდის ქვეშ, გაიჩეხა ხეები და ეკოლოგიური თვალსაზრისით, დამატებითი პრობლემები გაჩნდა. პრობლემები გაუჩნდათ ზოოპარკის მობინადრეებსაც.
“ამიტომ, ჩვენ გვაქვს მონახაზი, რომ ზოოპარკი გადავიტანოთ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხოლო ზოოპარკის ძველ ტერიტორიაზე დამატებითი რეკრეაციული ზონა შევქმნათ და გავაფართოოთ”, – აღნიშნა თბილისის მერმა და დასძინა, რომ მერიის სურვილია, ზოოპარკისა და „მზიურის“ ტერიტორიის ერთმანეთთთან დაკავშირება საფეხმავლო ესტაკადით, როგორც ეს ბევრ განვითარებულ ქვეყანაშია. “დაირგვება დამატებითი ხეები, რათა ერთიანი სივრცე შეიქმნას და, გარდა ამისა, გაკეთდება თანამედროვე ხმაურდამცავი მოწყობილობები, რითაც ხელს შევუწყობთ რეკრეაციული ზონების დაცვას, განვითარებასა და გაფართოებას,” – განაცხადა თბილისის მერმა.