რა ვითარებაა ახალდაბის გზაზე – ნოდარ ჯავახიშვილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, ახალდაბის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს პირადად გაეცნო. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ახალდაბის გზა მესამე მეწყრული კერისგან გაათავისუფლა. ამჟამად კომპანია გზაზე ჩამოწოლილი ყველაზე მოცულობითი მეწყრული კერის ლიკვიდაციაზე მუშაობს. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის სპეცტექნიკა და სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ ახალდაბის გზის გაწმენდა გუშინ, იმ წუთიდან დაიწყო, როგორც კი დამეწყრილ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოება შესაძლებელი გახდა. გზა ჩაკეტა, დაახლოებით, 500 000 კუბური მეტრის მოცულობის მეწყერმა, რომელიც წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ მონაკვეთზე 13-14 ივნისის ღამეს ჩამოწვა. სტიქიამ გზასთან მისასვლელი ბილიკებიც ჩახერგა, შედეგად, ვერ ხერხდება მეწყერთან შემოვლითი გზებით მიახლოება, რის გამოც გაწმენდითი სამუშაოები მხოლოდ ერთი – ცენტრალური გზის მხრიდან მიმდინარეობს.