უკრაინის კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა
უკრაინის კრემენჩუგის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, აფეთქება ნავთობროდუქტების ერთ-ერთ საცავში მოხდა, რომლის მოცულობა 5 ათას ტონას შეადგენს. აფეთქების შედეგად 48 წლის შემდუღებელი დაიღუპა, ამჟამად ქარხანაში მეხანძრეები მუშაობენ, ცეცხლის შემდგომი გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ადგილობრივ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. კრემენჩუგის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინაში ამ ტიპის უმსხვილესი საწარმოა. ის მთელი ნავთობპროდუქტების 30 პროცენტს აწარმოებს.
შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს კიევის სიახლოვეს მდებარე ნავთობის ბაზაზე ძლიერი ხანძარი მოხდა. მის ჩაქრობას მეხანძრეები რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ. ამ ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.