სახელმწიფო აუდიტის სამსახური თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე საუბრობს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. აუდიტის სამსახური თანხების არაეფექტურ ხარჯვაზე საუბრობს. შესაბამისი შინაარსისაა აღნიშნული სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2010-2012 წლებსა და 2013 წლის პირველ ნახევარში პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმების, მისი პროდუქტიულობისა და ეფექტიანობის შესწავლის შედეგად მომზადებული დასკვნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვაუჩერის გაცემის სისტემის ნაკლოვანებებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების (თითქმის 2 მილიონი ლარი) არაეფექტიანად გახარჯვა (საიდანაც დაახლოებით 860 ათასი ლარი არამიზნობრივ ხარჯად უნდა ჩაითვალოს).
“ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კერძო სექტორის ჩართულობა არ არის უზრუნველყოფილი. კერძოდ, გაუმართავია მონაცემთა ბაზა, არ არის სრულყოფილი ინფორმაცია კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ. არ არის საკმარისი კომუნიკაცია სამინისტროსა და პოტენციურ დამსაქმებლებს (კერძო სექტორის სუბიექტებს) შორის. არარაციონალურია დაფინანსების სისტემა – სასწავლებლებზე თანხების გადანაწილება ხდებოდა არაოპტიმალურად, ვაუჩერის ფიქსირებული ხასიათის გამო სასწავლებლებზე გაცემული თანხები არ შეესაბამებოდა მათ რეალურ საჭიროებებს; ვაუჩერის გაცემის სისტემის ნაკლოვანებებმა გამოიწვია მნიშვნელოვანი ოდენობის თანხების (თითქმის 2 მილიონი ლარი) არაეფექტიანად გახარჯვა (საიდანაც დაახლოებით 860 ათასი ლარი არამიზნობრივ ხარჯად უნდა ჩაითვალოს)”, – ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის განმარტებით, ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ შრომის ბაზარზე არსებული ინფორმაციის სიმწირის გამო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვერ უზრუნველყოფდა მის მიერვე განსაზღვრული პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების შესაბამისობას შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნებთან. “შესაბამისად, ფინანსდებოდა ისეთი პროგრამები, რომლებიც იმ პერიოდისათვის შეიძლება მოთხოვნადი არ ყოფილიყო (მაგალითად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფინანსდებოდა ზოოტექნიკოსის პროფესია, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების თანახმად, მასზე მოთხოვნა არ იყო). პრობლემებია სასწავლო პროცესების მართვის კუთხითაც. საქართველოში არსებული სისტემა რიგ ასპექტებში თავსებადია კოპენჰაგენის პროცესთან და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან, თუმცა გააჩნია გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებები: არ არის შემუშავებული სასწავლებელთა შიდა და გარე შეფასების მეთოდოლოგია, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, ბიზნესის მიერ პროფსასწავლებლების საქმიანობის შეფასებას და, მეორე მხრივ, მასწავლებლების მხრიდან სასწავლო პროცესზე მონიტორინგს”, – აღნიშნულია ანგარიშში.
გარდა ამისა, უწყების დასკვნით, საქართველოში მოქმედი პროფესიული სტანდარტები და მის საფუძველზე შემუშავებული სასწავლო პროგრამები (კურიკულუმები) არის ძალიან ზოგადი და არ შეიცავს კონკრეტულ ინფორმაციას სასწავლო კურსისა და სტუდენტის მიერ მისაღები პროფესიული უნარ-ჩვევების შესახებ.
“ასევე კრედიტების სისტემა არ არის სტანდარტიზებული და უნიფიცირებული (გიდის პროფესიის დაუფლებას ზოგ სასწავლებელში 36 კრედიტი ჭირდება, ზოგან კი 40 კრედიტი იყოს აუცილებელი), რაც ხელს უშლის სასწავლო პროცესის მოქნილობასა და თანაბარი კვალიფიკაციის მქონე კადრების მომზადებას. მასწავლებელთა პროფესიული განვითარება ორიენტირებულია ზოგად და არაპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებაზე (პროფესიულ უნარ-ჩვევებზე გადამზადდა სულ 7 პედაგოგი, რაც გადამზადებული მასწავლებლების 1%-იც არ არის)”, – აღნიშნულია ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გასული 5 წლის განმავლობაში პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე 50 მილიონ ლარზე მეტია გახარჯული.