სენაკში მოქალაქემ მეზობელი მოკლა – შსს-მ დანაშაული გახსნა
შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1982 წელს დაბადებული რაიბულ დ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით სენაკში დააკავეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა მეზობელს, 1960 წელს დაბადებულ ზაურ გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზაურ გ. მიყენებული ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. რაიბულ დ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).