პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს ასაჯაროებს
პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე სააპელაციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს ასაჯაროებს “კვირა“ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ თავის დროზე საქმეს მოხსნა გრიფი „საიდუმლო“, გამიჯნა საიდუმლო დოკუმენტაცია არასაიდუმლოსაგან, რათა სასამართლო პროცესი ყოფილიყო საჯარო. მიუხედავად პროკურატურის ძალისხმევისა, პირველივე სხდომაზე თავად ადვოკატებმა მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა, რასაც მოჰყვა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების საიდუმლო რეჟიმში განხილვა. ამდენად, სასამართლოს განჩინებაც, რომელიც ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით, გამოცხადდა დახურულ სხდომაზე და მასში დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. სწორედ ამიტომ ადვოკატებს აღნიშნული განჩინება გადაეცათ საიდუმლო ნაწილში დაშტრიხული სახით, კერძოდ, დაშტრიხულია ამ განჩინებაში არსებული საიდუმლო ინფორმაცია, ვინაიდან ადვოკატებს არ აქვთ შესაბამისი დაშვება აღნიშნული კატეგორიის ინფორმაციაზე. სწორედ ამის გამო, ბრალდების მხარეს მოუწია სააპელაციო საჩივრის შეტანა საიდუმლო წესით, ვინაიდან სასამართლოს განჩინების მსგავსად მასშიც დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ შეიტანა სააპელაციო საჩვარი, პარალელურ რეჟიმში კვლავ მიმართა კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელმაც გამიჯნა სააპელაციო საჩივრის საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი, კერძოდ, დაიშტრიხა სააპელაციო საჩივარში არსებული საიდუმლო ინფორმაცია. პროკურატურა ასრულებს პირობას და ადვოკატებს მიეწოდებათ სააპელაციო საჩივარი. აქვე გვინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ მიუხედავად იმისა რომ ადვოკატები სრულად არიან ინფორმირებულები აღნიშნულის შესახებ, ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტებისა, ფაქტების დამახინჯებით სპეკულირებენ მსგავსი აბსურდული განცხადებებით და საზოგადოება განზრახ შეჰყავთ შეცდომაში“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.