ნოდარ ხადური: სოციალური პროექტების შემცირება დაგეგმილი არ არის
დაგეგმილი არ არის არც ერთი სოციალური პროექტის შემცირება – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების ფარგლებში, ადმინისტრაციული და მიმდინარე ხარჯები შემცირდება. “სოციალური პროექტების დაფინანსება არ შემცირდება, მათ შორის არ შემცირდება ჯანდაცვის სამინისტროს პრაქტიკულად არც ერთი მიმდინარე პროექტი”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ამასთან, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკაში შექმნილი ვითარება გარე ფაქტორებით არის გამოწვეული.
“სწორედ გარე ფაქტორებით არის გამოწვეული, რომ შემცირებულია ექსპორტი და ინვესტიციები – საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა რეგიონში მიმდინარე ფაქტორებმა, რაც აღნიშნულია ყველა ექსპერტის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებშიც, რომლებიც პირუთვნელად აფასებენ მდგომარეობას. თქვენ თუ გადახედავთ ჩვენს მეზობლებში არსებულ ვითარებას, მათ შორის გაცვლით კურსსა და ეკონომიკურ ზრდასთან მიმართებაში, ნახავთ, რომ საქართველოში, მიხედავად იმისა, რომ არ ვართ შექმნილი რეალობით კმაყოფილი, მდგომარეობა სხვებთან შედარებით უკეთესია”, -განაცხადა ნოდარ ხადურმა.