პროკურატურა „კაბელების“ საქმეზე განმარტებებს აკეთებს

ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის სააპელაციო საჩივარს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნა. საგამოძიებო უწყება განმარტებებს აკეთებს. როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განაცხადა, კაბელების საქმეს გრიფით „საიდუმლო“ მას შემდეგ, მოეხსნა, რაც პროკურატურამ, ერთის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს მიმართა, პარალელურად კი – კონტრადაზვერვის დეპარტამენტს.
მისი თქმით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა გამიჯნა სააპელაციო საჩივრის საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი. „პროკურატურამ თავის დროზე საქმეს მოხსნა გრიფი „საიდუმლო“, ჩვენ გავმიჯნეთ საიდუმლო დოკუმენტაცია არასაიდუმლოსაგან, რათა სასამართლო პროცესი ყოფილიყო საჯარო. მიუხედავად პროკურატურის ძალისხმევისა, პირველივე სხდომაზე თავად ადვოკატებმა მოითხოვეს სასამართლო პროცესების დახურვა, რასაც მოჰყვა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების საიდუმლო რეჟიმში განხილვა. ამდენად, სასამართლოს განჩინებაც, რომელიც ჩვენ მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით, გამოცხადდა დახურულ სხდომაზე და მასში დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, სწორედ ამიტომ ადვოკატებს ეს განჩინება გადაეცათ საიდუმლო ნაწილში დაშტრიხული სახით, კერძოდ დაშტრიხულია ამ განჩინებაში არსებული საიდუმლო ინფორმაცია, ვინაიდან ადვოკატებს არ აქვთ შესაბამისი დაშვება აღნიშნული კატეგორიის ინფორმაციაზე. სწორედ ამის გამო მოგვიწია სააპელაციო საჩივრის შეტანა საიდუმლო წესით, ვინაიდან, სასამართლოს განჩინების მსგავსად, მასშიც დაცულია სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. მას შემდეგ, რაც შევიტანეთ სააპელაციო საჩივარი, პარალელურ რეჟიმში ჩვენ კვლავ მივმართეთ კონტრდაზვერვის დეპარტამენტს, რომელმაც გამიჯნა სააპელაციო საჩივრის საიდუმლო და არასაიდუმლო ნაწილი, კერძოდ, დაიშტრიხა სააპელაციო საჩივარში არსებული საიდუმლო ინფორმაცია. ჩვენ ვასრულებთ ჩვენს პირობას და ადვოკატებს მიეწოდებათ ჩვენი სააპელაციო საჩივარი . აქვე გვინდა კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები სრულად არიან ინფორმირებულები აღნიშნულის შესახებ, ნაცვლად სამართლებრივი არგუმენტებისა, ფაქტების დამახინჯებით სპეკულირებენ მსგავსი აბსურდული განცხადებებით და საზოგადოება განზრახ შეჰყავთ შეცდომაში“, – განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები