საჯარო შესყიდვების სფეროში მე-11 საერთაშორისო ფორუმს ბათუმი მასპინძლობს

ბათუმში საჯარო შესყიდვების სფეროში ცოდნის გაზიარების მე-11 საერთაშორისო ფორუმი დაიწყო. ღონისძიება ოთხ დღეს გასტანს და 11 ივნისს მუშაობას დაასრულებს. აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურია და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ფორუმის ორგანიზატორები არიან: მსოფლიო ბანკი (The World Bank), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ისლამური განვითარების ბანკი, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია და მართვისა და მმართველობის განვითარებსი პროგრამა (SIGMA – ევროკავშირისა და OECD-ის (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) ერთობლივი ინიციატივა);

კონფერენციის ორგანიზებაში, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულები მსხვილი დონორი ორგანიზაციები: ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ევროკავშირის დელეგაცია და სხვები. „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის დიდი პატივია ასეთი დონის საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობა. ეს ფორუმი, პირველ რიგში, ჩვენი სააგენტოს გუნდს და, ზოგადად, ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვებით დაკავებულ სპეციალისტებს დაეხმარება, მიიღოს ცოდნა, აიმაღლოს კომპეტენცია და პროფესიონალიზმი ტენდერების განხორციელების კუთხით. ამას გარდა, ფორუმს მეორე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს: საქართველოს მთავრობა, ჩვენი სააგენტო, საერთაშორისო საზოგადოებას წარუდგენთ მოწინავე ქართულ რეფორმებს სახელმწიფო სექტორში – სახელმწიფო სერვისების მიწოდების და განსაკუთრებით სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მხრივ. ამ კუთხით, უდავოდ, გვაქვს საამაყო: ჩვენი სისტემა ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში,“- განაცხადა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ.

ფორუმში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ორმოცდაათამდე მაღალი რანგის თანამდებობის პირი მონაწილეობს. კონფერენციას 100-ზე მეტი დელეგატი ესწრება 25 ქვეყნიდან.

„საჯარო შესყიდვების სფეროში ცოდნის გაზიარების ფორუმი – ეს არის პლატფორმა, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავდა. მისი მიზანია, მოიზიდოს ამ სფეროში ევროპასა და აზიაში, ასევე ამ რეგიონების ფარგლებს გარეთ არსებული გამოცდილება. გარდა ამისა, წაახალისოს თანამშრომლობა და შექმნას შესაძლებლობები ცოდნისა და პრაქტიკული რჩევების გაზიარებისათვის. შესყიდვების ზედამხედველობა და მონიტორინგი – ეფექტურად მართვის საშუალებები – განიხილება ამჯერად ბათუმში ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მასპინძლობს. წელს ფორუმს მაღალი რანგის სახელმწიფო სექტორის ორმოცდაათამდე წარმომადგენელი ესწრება. დარწმუნებულნი ვართ, რომ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ეს ექსკლუზიური შესაძლებლობა საფუძველს ჩაუყრის მონაწილეთა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასა და სამთავრობო პროგრამების ეფექტურობის ზრდას“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ჰენრი კერალიმ.

ფორუმის მთავარი თემაა, მონიტორინგის როლი სახელმწიფო შესყიდვების სისტემის განვითარებაში. „ოთხი დღის განმავლობაში ძირითად მონაწილეებთან და დონორებთან ერთად, პრეზენტაციებს წარმოადგენენ ექსპერტები აშშ-ს გენერალური აუდიტორული ოფისიდან (GAO), ფილიპინების სამოქალაქო საზოგადოებისა და ღია ხელშეკრულებების ორგანიზაციიდან და, ასევე, დიდი ბრიტანეთიდან“,-აცხადებენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები