საკონსტიტუციო სასამართლო გიგი უგულავას სარჩელს განიხილავს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გიგი უგულავას სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რამდენიმე ნორმას განიხილავენ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში აღკვეთის ღონისძიებების, მათ შორის, ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გამოყენების წესებს არეგულირებს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები, შესაძლებლობას იძლევა პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ განმეორებით გამოიყენონ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტს, რის თანახმადაც ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს.
კონსტიტუციურ სარჩელში, ასევე, აღნიშნულია, რომ სადავო ნორმები ქმნიან რისკს, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნა გაგრძელდეს უვადოდ, ისე რომ ამ უკანასკნელის მიმართ არ იყოს გამოტანილი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. მოსარჩელე მხარე, ასევე, აღნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების ერთ-ერთი სახის – პატიმრობის შეფარდება ხდება არასაკმარისი მტკიცებულებითი სტანდარტების გამოყენებით, რაც მისი არაერთი კონსტიტუციური უფლების, მათ შორის თავისუფლების უფლების დარღვევას იწვევს. საქმეს განმწესრიგებელი სხდომით განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი. გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობის 9- თვიანი ვადა 2 აპრილს ამოეწურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები