საქალაქო სასამართლო ოქროპირიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხს ეხმაურება და განმარტავს, რომ, საქმის მასალების თანახმად, გიორგი ოქროპირიძემ ჩაიდინა დანაშაულის შესახებ ცრუ დასმენა, რომელსაც ერთვის ბრალდება მძიმე დანაშაულში, ჩადენილი პირადი მოტივით.

როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევის სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ ცნო დამნაშავედ და დაცვის მხარე, სასამართლოს წინაშე აღკვეთის გარეშე დატოვების შუამდგომლობით წარდგა. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობები, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო წარმოდგენილ მასალებს და მიიჩნია, რომ პროკურატურის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.

კერძოდ, გიორგი ოქროპირიძე წარსულში ნასამართლევია განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის. ამჟამად ბრალდებულია დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის და მასვე ბრალად ედება კიდევ ერთი განზრახი დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რაც ასაბუთებს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხეს.

ასევე, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ პირველი დანაშაულის ჩადენის შემდგომ ბრალდებული მიიმალა, ასევე, განზრახ მკვლელობის შესაძლო ჩადენის შემდგომ, ოქროპირიძე კვლავ მიიმალა და მისი გადმოცემა მოხდა ქართული მხარისათვის არაკონტროლირებადი – ცხინვალის რეგიონიდან.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს მიმალვის, საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებისათვის თავის არიდებისა და დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საფრთხე”,-ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ცნობისთვის: დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოქროპირიძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამავე საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 28 ივლისს, 12:00 საათისთვის გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები