დაჭრილი სამხედროები რეაბილიტაციის კურსს აშშ- ში გადიან
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვას განაგრძობს. საქართველოს მთავრობისა და უშუალოდ, პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, თავდაცვის უწყება 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს მკურნალობის კურსის გასავლელად აშშ-ში, სან დიეგოს კლინიკაში აგზავნის. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, პიტერ ჰარშის საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსს 8 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის. დაშავებულ სამხედროებს მექანიკურ პროთეზებს ბიო-მიკრო პროცესიანი პროთეზით უცვლიან. ამჟამად ისინი ახალი პროთეზების მორგებისა და შეგუებისთვის შესაბამის ვარჯიშებს გადიან და ახალი კიდურების მოხმარების წესებს ეუფლებიან. უახლესი თაობის ელექტრო პროთეზი სამხედროებს რთულ რელიეფზე გადაადგილებას გაუადვილებს. ექსტრემალური პირობების გამძლე ახალი პროთეზი ჯარისკაცებს მეტი აქტიურობის საშუალებას მისცემს. სამხედროების რეაბილიტაციის კურსს აშშ-ში ქართველი სამხედრო ექიმი, მაიორი ზვიად ბურძგლა ზედამხედველობს. აშშ-ში პროთეზირების პროგრამის გავლის პარალელურად, დაჭრილი ქართველი სამხედროები სხვადასხვა სახის სპორტულ ღონისძიებებშიც იღებენ მონაწილეობას – სერფინგი, ფარიკაობა, ეტლის კალათბურთი, მშვილდოსნობა, თხილამურებზე სრიალი, გოლფი, ჩოგბურთი და ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა. აქტიური ცხოვრების წესი მათი რეაბილიტაციის პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. სან დიეგოს საპროთეზო კლინიკაში რეაბილიტაციის კურსი თითოეული სამხედროსთვის ინდივიდუალურია. მათი შერჩევა დაზიანებების სიმძიმის მიხედვით ხდება. პროთეზირების კურსი პირველ ეტაპზე 6-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. ისინი საქართველოში უკვე დაბრუნდნენ. პროთეზირების კურსს ეტაპობრივად ყველა ის სამხედრო მოსამსახურე გაივლის, ვისაც 2008 წლის აგვისტოს ომსა და ISAF-ის მისიაში დაშავების შედეგად კიდურების ამპუტაცია დაჭირდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ყველა ჯარისკაცი საკუთარ ქვედანაყოფს დაუბრუნდება და შეიარაღებულ ძალებში გააგრძელებს მსახურს.