ჩინეთში ჩაძირული ლაინერი წყლიდან ამოიყვანეს
ჩინური ლაინერი „აღმოსავლეთის ვარსკვლავი“, რომელიც მდინარე იანძიზე 1-ელ ივნისს ჩაიძირა, წყლიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ იუწყება.
დღეისათვის 85 გარდაცვლილის ცხედარია ნაპოვნი, 360 ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. გემიდან მხოლოდ 14 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. გემი თავდაყირა ჩაიძირა და მაშველებმა თავდაპირველად ის ამოაბრუნეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ექსპერტების დასკვნის მიხედვით, გადარჩენილების პოვნის შანსი უკვე ნულის ტოლი იყო.
„აღმოსავლეთის ვარსვლავი“ 1-ელ ივნისს საღამოს მდინარე იანძიზე ძლიერ შტორმში მოხვდა. გემი ამობრუნდა და დაახლოებით ერთ წუთში ჩაიძირა.