პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლე დავით ჯუღელის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და ბრალდების მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას გაასაჩივრებს.
როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა განუცხადა, მათ გასაჩივრების 5-დღიანი ვადა აქვთ და ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
“ამ საქმეში არის ბევრი მტკიცებულება და ამ დასკვნის დაუშვებლად ცნობის მიუხედავად, სახელმწიფო ბრალდებას კიდევ რჩება საქმეში საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ბრალდებულების დანაშაული დაადასტუროს”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
მისი შეფასებით, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება გაუგებარია.
“გაუგებარია მოსამართლის გადაწყვეტილება, დასაშვებად ცნონ დაცვის მხარის მტკიცებულები, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კანონის მოთხოვნების დარღვევით იქნა მოპოვებული. გარდა ამისა, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას ექსპერტის ხელმოწერა საერთოდ არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ დაუმოწმებელი დოკუმენტი დაუშვა საქმეში. ბრალდების მხარე არ დააყოვნებს და ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებს”, – განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება აღნიშნულთან დაკავშირებით მოსამართლე დავით ჯუღელმა გამოიტანა. დავით ჯუღელმა გაიზიარა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ადვოკატის პოზიცია და ბრალდების მხარის მტკიცებულება, რომელიც ეხებოდა სასაქონლო და საინჟინრო ექსპერტიზას, საქმეში დაუშვებლად ცნო.