ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად უფრო ეფექტურად იმუშავებს

საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე სააგენტოა ისეთ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ, ინგლისი, ავსტრია, შვიცარია და სხვა – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად უფრო ეფექტური იქნება, ვიდრე ეროვნული ბანკის შემადგენლობაში.
რაც შეეხება ბიზნესსექტორის განცხადებას, რომ ეს საინვესტიციო გარემოს საფრთხეს შეუქმნის, ექსპრემიერი მიიჩნევს, რომ ისინი, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, როგორც ჩანს, ვერ აცნობიერებენ რა ცვლილებები იგეგმება კანონმდებლობაში. მისი თქმით, ამით უფრო მეტი დამოუკიდებლობა მიეცემათ კომერციულ ბანკებს.
რაც შეეხება კითხვას იმის თაობაზე, რომ კომერციული ბანკები, ისევე EBRD ვერ ხედავენ პრობლემას იმაში, რომ ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში არსებობდეს და ეს დაარსებული მოდელი ეფექტურად მუშაობს. ივანიშვილმა პარალელი გაავლო პოლიციასთან და აღნიშნა, რომ პრობლემა დღევანდელ პოლიციაშიც არ არის და გომელაური ეფექტური მინისტრია, მაგრამ უშიშროების სამსახურის ცალკე გამოყოფა ხდება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტური და გამჭვირვალე გახდეს სტრუქტურა. ამასთან, ივანიშვილი აცხადებს, რომ საქართველოშიც საბანკო ზედამხედველობის სამსახური ცალკე უწყებად არსებობდა, თუმცა “ის ერთ პიროვნებას – ქადაგიძეს მიაბეს, რომელიც ადრე აღნიშნული სამსახურის უფროსი იყო და შემდეგ ეროვნულ ბანკში გადავიდა“.
ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ კითხვის ნიშნები არსებობს იმასთან დაკავშირებით რამდენად ეფექტურია არსებული სისტემა და შესაბამისი მტკიცებულებებიც იქნება ალბათ მოპოვებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები