ნოდარ ხადური: იანვარ-მაისში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 3 მილიარდ 150 მილიონი შეადგინა

იანვარ-მაისში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 3 მილიარდ 150 მილიონი შეადგინა, რაც წლიური გეგმის 40%-ია, ხოლო 6 თვის გეგმის – 85%, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა – რა მდგომარეობაა ბიუჯეტის შესრულების მიმართულებით.
ხადურის თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდს 360 მილიონი ლარით აღემატება, რაც დაახლოებით 13%-ა.
“ამ ეტაპზე ჩვენ წინ ვართ როგორც გეგმით, ისე გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით”, – განაცხადა ხადურმა. რაც შეეხება ხარჯებს, ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარ-მაისში გაწეული ხარჯები ჯამში შეადგენს 3,6 მილიარდ ლარს, რაც 6 თვის გეგმის 80%-ა, ხოლო წლიური გეგმის თითქმის 40%. 2015 წლის იანვარ-მაისში დახარჯულია 428 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე შარშან იმავე პერიოდში.
როგორც ხადურმა აღნიშნა, ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრებიდან იანვარ-მაისის პერიოდში კაპიტალური პროექტების დაფინანსებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 360 მილიონი ლარი, რაც 44%-ით აღემატება შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს.
“რეგიონული განვითარების და ინფრასტრტუქტურის სამინისტროს 5 თვის საკასო ხარჯმა შეადგინა 270,6 მილიონი ლარი, რაც 91 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ პერიოდს. რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების საკასო შესრულება შეადგენს 19 მილიონ ლარს. ფონდიდან უკვე გამოყოფილია 160 მილიონი ლარი, აქედან 6 მილიონი ლარი არის საპროექტო სამუშაოებისთვის. აქ სერიოზული ჩამორჩენა გვაქვს და მე მინდა ვთხოვო ჩემს კოლეგებს ადგილებზე, რომ დააჩქარონ ამ თანხების ათვისება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა. ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, კონკრეტულად რომელ უწყებებს აქვთ ჩამორჩენა. საპასუხოდ ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ეს არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, გუბერნატორები და ასევე ის სამინისტროები, რომლებმაც რეგიონების განვითარების ფონდიდან მიიღეს თანხები. რაც შეეხებათ მუნიციპალიტეტებს და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტს, ხადურის განცხდებით, აქ დახარჯულია 664 მილიონი ლარი, რაც წლიური გეგმის 33%-ა.
“აქ აშკარად საჭიროა გააქტიურება, რადგან წლიური გეგმის 33% ცოტაა, 40% მაინც უნდა იყოს”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
რაც შეეხება დონორების მიერ ჩამორიცხულ თანხებს, ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასევე პრობლემებია დონორების თანხების ათვისებასთან დაკავშირებით.
“დონორების თანხები ჩამორიცხულია, მაგრამ ტენდერების, მათ შორის შეფასებების გამო პრობლემები გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ შესრულებები ჯერჯერობით არ არის”, – აღნიშნა ფინანასთა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები