სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე საჯარო მოხელეები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს (ვიდეო)
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ლაშა ბოლქვაძე და ბათუმის მერიის საფინანსო ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილე, არჩილ ვანაძე.
“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქის მერიამ შპს „ტონი და კომპანიასთან“ გააფორმა ხელშეკრულება, ჟილინის არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ. შპს-ს მხრიდან საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ მერიამ ავანსის სახით კომპანიას ჩაურიცხა 1 289 972 ლარი. მას შემდეგ, რაც კომპანიამ არაჯეროვნად შეასრულა სამუშაოები და მერიას წარუდგინა მხოლოდ 254 265 ლარის ღირებულების სამუშაოები, ბრალდებულებმა, ნაცვლად იმისა, რომ აემოქმედებინათ სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული პირობები, გულგრილად მოეკიდნენ დაკისრებულ მოვალეობას და აღნიშნულ საწარმოს კვლავ გადაურიცხეს 236 000 ლარი.
არჩილ ვანაძისა და ლაშა ბოლქვაძის აღნიშნულმა კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ განაპირობა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა და, ამასთან, თვითმმართველი ქალაქ ბათუმისათვის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.