ითანამშრომლებს თუ არა „ივერია“ ყოფილ „ნაციონალებთან“

ორგანიზაცია „ივერიას“ წარმომადგენელი, კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკოლოზ რურუა “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებთან კონსულტაციებს არ ადასტურებს, თუმცა ყველა იმ ადამიანთან თანამშრომლობისთვის მზადაა, რომელიც ორგანიზაციის პოლიტიკურ ფილოსოფიას და ფასეულობებს იზიარებს.
როგორც რურუამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, მას რჩება იმის განცდა, რომ ყოფილმა „ნაციონალებმა“ პარტიიდან თავიანთი წასვლის რეალური მიზეზები არ განმარტეს და „რაღაც არ თქვეს“.
„ივერიის“ წარმომადგენლის თქმით, ორგანიზაციის ამოცანაა საქართველო ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ შედგეს და ამ კუთხით ნებისმიერ მოქალაქესთან ითანამშრომლებს, იქნებიან ესენი ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების გუნდიდან წამოსული ადამიანები თუ სხვა მოქალაქეები.
„ნაციონალებიდან“ ოთხეულის წასვლის მიზეზი ჩემთვის მაინც გაუგებარია. მათ ვერ ან არ ახსნეს ის ბოლომდე, რაღაც არ თქვეს. რაც შეეხება ჩვენთან კონსულტაციებს, არავისთან არ გვაქვს კონსულტაციები დაწყებული. არც მოსაწვევი გაგვიგზავნია ვინმესთვის და არც თხოვნა მიგვიღია ვინმესგან. ზოგადად „ივერია“ საზოგადოებრივი ორგანიზაციაა და ვისაც უნდა თანამშრომლობა იმ თემებზე, რაზეც „ივერია“ მუშაობს, ვინც ჩვენ პოლიტიკურ ფილოსოფიას იზიარებს, ჩაკეტილი არავისთვის არის. ფუნდამენტური საფუძველი ბუნებრივია არის დემოკრატიული, ევროპული საქართველო, ტრანსატლანტიკურ ალიანსში მყარად ფესვგადგმული, გაერთიანებული ნატოსა და ევროკავშირში, ერთიანი საქართველო, სადაც დაცული იქნება როგორც უმრავლესობის, ისე უმცირესობის უფლებები და რაც მთავარია, ამ ყველაფერთან ერთად დაცული იქნება ჩვენი ეროვნული ღირებულებები, მემკვიდრეობა და ყველაფერი ის, რაც ძვირფასია ჩვენთვის. ჩვენ ჯერ არა ვართ სამშვიდობოს, ამიტომ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ვინმე დავბრაკოთ, წუნი აღმოვუჩინოთ ერთმანეთს იმის გამო, რომ ვინმე რომელიმე პარტიის ან კოალიციის წარმომადგენელი იყო. თუ ვინმეს იგივე ღირებულებები გააჩნია და უნდა თანამშრომლობა, ნებისმიერი ადამიანი ძალიან სტუმართმოყვარედ იქნება მიღებული. ყველა, ვინც იზირებს იმ იდეებს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულობას, საქართველოს თავისუფალი სამყაროს ნაწილად ქცევას, ის ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეა, თუნდაც დღეს არსებული მმართველი ძალიდან წასული ადამიანი იყოს. ჩვენ ერთმანეთს კვანტი არ უნდა დავუდოთ, რომ ერთმანეთზე მართლები და მორალისტები გამოვჩნდეთ“, – განაცხადა ნიკა რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები