ბუტა რობაქიძის პროცესი, სოსო რობაქიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე ბუტა რობაქიძის პროცესი, მისმა მამამ სოსო რობაქიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა.
როგორც რობაქიძემ განაცხადა, პროცესის დატოვების მიზეზი და მისი გაღიზიანება ადვოკატის კითხვებმა გამოიწვია.
რობაქიძის მტკიცებით, პირად საუბრებში ადვოკატმა კობა კობახიძემ აღიარა, რომ თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფს ზურაბ მიქაძეს მხოლოდ იმიტომ იცავდა რომ მიქაძის შვილი მისი თანაშემწეა.
„ეს კაცი შემხვდა გენერალურ პროკურატურაში და მითხრა მე ვიცი, რომ ესენი არიან ნაძირლები და მათ ვიცავ, მაგრამ რა ვქნა, ადვოკატი ვარ და ნებისმიერი უნდა დავიცვაო. თან ახსენა მიქაძის შვილი, რომ ის მასთან მუშაობს ადვოკატად და ამის გამო იცავს მიქაძეს, რომელიც ყელამდე სისხლშია“,-განაცხადა სოსო რობაქიძემ. აღნიშნულს ადვოკატი კობა კობახიძე გამოეხმაურა.
მან რობაქიძის ბრალდება უარყო თუმცა, აღნიშნა რომ მიქაძის შვილი მასთან მართლა მუშაობს.
„იგი მართლაც არის ჩემი თანაშემწე მიქაძის შვილი, მაგრამ ეს არასოდეს გამიცხადებია, მთავარ პროკურატურაში არ მინახავს რობაქიძე და თითქოს მაგისთვის მეთქვას რომ მე ვიცი ისინი რა ნაძირველიც არიან. პირიქით მე ვარ დარწმუნებული მიქაძის უდანაშაულობაში“,-განაცხადა ადვოკატმა.
საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის საქმის განხილვა 23 ივნისს განახლდება.