2015 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,6% შეადგინა
2015 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 2,6% შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. უწყებამ 2015 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის შესახებ წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2015 წლის აპრილში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 0,9% შეადგინა.
2015 წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,2%, ხოლო 2015 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,6% შეადგინა.
“2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს”, – ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.