ვის ეკუთვნის სოსანაშვილის სახლში ნაპოვნი იარაღი – ადვოკატი საქმის მასალებზე საუბრობს
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე პროკურატურას სოსანაშვილის საქმის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
როგორც ადვოკატმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, გამოძიება ჩიხში შევიდა, რის გამოც სოსანაშვილისთვის წარდგენილი ბრალდებიდან ერთი ცალკე წარმოებად გამოყო და რეგიონს დაუქვემდებარა. აღნიშნული ფაქტის გამო საქმის განხილვა 29 ივნისამდე გადაიდო.
სოსანაშვილის უფლებადამცველი ეჭვმიტანილის მშობლების სახლიდან იარაღის ამოღების ფაქტს ადასტურებს, თუმცა კატეგორიულად უარყოფს, რომ ამოღებულ იარაღებს, თითქოსდა, უკანონოდ ფლობდა სოსანაშვილი. მისი განმარტებით, დატოვებული იარაღები, სავარაუდოდ, იმ საჯარისო შენაერთების წარმომადგენლებს ეკუთვნით, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს თავს სოსანაშვილების ოჯახს აფარებდნენ.
„გია სოსანაშვილის წინააღმდეგ საქმე ორი მუხლით – სსკ 109-ე მუხლის 1 ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული. პირველი მუხლი განზრახ მკვლელობას გულისხმობს იმ საშუალებით, რაც შეგნებულად საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მეორე მუხლი კი იარაღის უკანონოდ შეძენა – შენახვას გულისხმობს. გამოძიებამ, საქმის არსებითი ნაწილის გაწელვის მიზნით, 236-ე მუხლის ნაწილი ცალკე წარმოებად გამოყო და ის ადგილმდებარეობის მიხედვით იმ რეგიონს დაუქვემდებარა, სადაც იყო აღმოჩენილი იარაღები. საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომ ის ნამდვილად სოსანაშვილს ეკუთვნის“,- აღნიშნა სოსო ჯოგლიძემ.
ჯოგლიძის განცხადებით, გამოძიება ჩიხშია შესული საქმის არსებით ნაწილშიც. მისი თქმით, ამ დრომდე ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ ვის ეკუთვნის მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი დნმ-ი. გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამოძიებამ მკვლელობის დამკვეთის კვალს თითქოს ევროპაში მიაკვლია, ადვოკატის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება და აღნიშნული საქმის განხილვის გადადების კიდევ ერთი მცდელობაა.
სოსანაშვილის დაცვის მხარის განცხადებით, ამ დრომდე გამოკვეთილი არ არის მკვლელობის მოტივიც.
„არავინ იცის, ვის ეკუთვნის მეორე დნმ-ი. შესაძლოა, მკვლელობის ადგილას აღმოჩენილი დნმ-ეკუთვნოდეს იმას, ვინც ეს საზარელი დანაშაული ჩაიდინა. არ არსებობს მკვლელობის მოტივი, არ არსებობს მეორე დნმ-ის მფლობელი ადამიანი. გამოძიება ჩიხშია შესული. სახელმწიფო ბრალდება ვერ მიიღებს იმ განაჩენს, რასაც ის ელის“,- აღნიშნა ჯოგლიძემ.