გიორგი აბაშიშვილი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა
პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს შეხვდა. შეხვედრაზე ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე ისაუბრეს.
აბაშიშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო და აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ბანკირების მოსაზრებები მოისმინა.
პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრას საქართველოს წამყვანი კომერციული ბანკების ხელმძღვანელი პირები, „თიბისი ბანკის“ დირექტორი, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი, „ბაზის ბანკის“ გენერალური დირექტორი, „ვითიბი ბანკის“ დირექტორი, „ბანკი ქართუს“ გენერალური დირექტორი ესწრებოდნენ.
“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უკვე გვქონდა ერთი შეხვედრა ექსპერტებთან. დღეს იყო შეხვედრა საბანკო სექტორთან, რომელსაც ასევე პირდაპირ ეხება კანონის აღნიშნული ცვლილებები. ორივე ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის ფორმა და შინაარსი, რომლითაც ახლა კანონპროექტია წარდგენილი, აბსოლუტურად მიუღებელი, ნაჩქარევადაა მომზადებული და ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, რამდენად არის ეს პროფესიული დისკუსიის საგანი და ხომ არ არის აქ სხვა ტიპის გადაწყვეტილება. თავისთავად ცხადია, რომ როდესაც ასეთი ტიპის კანონპროექტი იქმნება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პროფესიული წრეების ჩაბმულობას, ამ შემთხვევაში საბანკო სექტორის მონაწილეობას, რომელსაც უშუალოდ ეხება აღნიშნული კანონპროექტი. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ არ მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მსგავსი ფორმითა და შინაარსით”, – განაცხადა აბაშიშვილმა.