ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის სასამართლო სხდომაზე ინციდენტი მოხდა

საქალაქო სასამართლოში ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის სასამართლო სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. ხმაური მოწმე ცირა გოდერძიშვილის დაკითხვამ გამოიწვია, რომელიც ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის დედაა. მოწმის ჩვენებას დარბაზის მხრიდან შეძახილები მოჰყვა.
მოსამართლე ეკა არეშიძემ სასამართლოს სხდომა ყველა დამსწრეს დაატოვებინა. ამის შემდეგ კი, დარბაზში მოწმის დაკითხვა გაგრძელდა.
დარბაზიდან გამოძევების შემდეგ მოკლული ლაშა მახარაძის დედამ ნინო დიდებულიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მოწმე ცირა გოდერძიშვილი ჩვენების მიცემის დროს ტყუილს ამბობდა. მისი თქმით, ცირა გოდერძიშვილი ჩვენებაში აცხადებდა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და წარდგენილი ბრალდება სიმართლეს არ შეეფერება.
“დღეს იკითხება ორი ბიჭის მკვლელის დედა, რომელსაც სულ აქვს განცდა, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და უგონებენ. გიორგი ოქროპირიძემ 2 ახალგაზრდა ბიჭი, ბავშვობის მეგობარი ჩააწვინა მიწაში, სწორედ ცირა გოდერძიშვილის დაკითხვის დროს დარბაზი აღელდა, რის შემდეგაც ყველა გამოგვაძევეს. მკვლელის დედამ სასამართლოში ჩვენების მიცემამდე ღმერთის წინაშე დაიფიცა, რომ იტყოდა სიმართლეს, თუმცა ამის შემდეგ არც ერთი სიტყვა მართალი არ უთქვამს. იმედი მაქვს, მოსამართლე ჩემი, როგორც დაზარალებულის მდგომარეობას გაითვალისწინებს და ხვალიდან პროცესზე დასწრების საშუალება მექნება”, – განაცხადა ნინო დიდებულიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები