ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითი სპეცრაზმელების წინასასამართლო სხდომა 11 ივნისს განახლდება

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე რიგითი სპეცრაზმელების წინასასამართლო სხდომა 11 ივნისს, 11:00 საათზე განახლდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნუსხის წარდგენა დაიწყო, რომელიც ბოლომდე ვერ მოესწრო. როგორც საქმის პროკურორმა ამირან გულუაშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 11 ივნისს სასამართლო სხდომა სწორედ ბრალდების მხარის მტკიცებულებების წარდგენის ეტაპით გაგრძელდება.
ამასთან, პროკურორმა დღეს პროცესის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამ ეტაპზე რიგით სპეცრაზმელებთან, რომლებიც გამოყოფილი საქმის ფარგლებში არიან ბრალდებულები, საპროცესო შეთანხმებაზე ან რაიმე სხვა შემსუბუქების ღონისძიებაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. ამირან გულუაშვილის თქმით, ბრალდების მხარისთვის ჯერ უცნობებია ბრალდებულების პოზიცია და, როგორც მან აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ბრალდებულები სასამართლოს საკუთარ პოზიციას წარუდგენენ, ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი შემსუბუქების გზებზე საუბრის დაწყების შესაძლებობა.
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე 12 სპეცრაზმელს წარედგინა ბრალი, მათ შორის ხელმძღვანელ პირებს. გამოძიების ეტაპზე პროკურატურამ საქმე ორ სხვადასხვა წარმოებად გაყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები