“საუბარი იმაზე, რომ ჩვენი პოლიტიკა არის მთავრობის საპირისპირო, რა თქმა უნდა, არასწორია“
„საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ჩვენი შეხედულებით, თვითნებურად ვაკეთებთ რამეს და ჩვენი პოლიტიკა არის მთავრობის საპირისპირო, რა თქმა უნდა, არასწორია“, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ორი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ეროვნული ბანკს ერთი წუთითაც არ დაუხვევია უკან, რა ვალდებულებებიც მას გააჩნია. ქადაგიძე ლარის გაუფასურების საკითხში ეროვნული ბანკის დადანაშაულებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადებები არასწორია.
“ჩვენ ერთი წუთითაც არ გადაგვიხვევია უკან იმ ვალდებულებებისგან, რა ვალდებულებებიც ავიღეთ. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ჩვენი შეხედულებით, თვითნებურად ვაკეთებთ რამეს და ჩვენი პოლიტიკა არის მთავრობის საპირისპირო, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ ახლა ყველამ ერთად უნდა შევძლოთ სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებებით მივიღოთ იმგვარი შედეგი, რომელიც მაქსიმალურად შეუმსუბუქებს სესხის ტვირთს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს კურსის ცვლილების გამო გაუძვირდათ. საუბარი ამაში ეროვნული ბანკის დადანაშაულებაზე და იმაზე, რომ ჩვენ რაიმე ფორმით ხელი შევუწყეთ ამ პროცესს, საუბარი „განტევების ვაცის“ ძიებაზე, ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ქვეყნისთვის, ინვესტორებისთვის საზიანო. მე ვერ წარმომიდგენია ამ პროცესებით ვინ შეიძლება იხეიროს. ჩვენ დღეს ძალიან სერიოზულ ტექსტს ვაბარებთ როგორც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, ისე ინსტიტუტიციული განვითარების და ჩვენი პოლიტიკის რეაგირების კუთხით. თუ ამ ტესტს ვერ ჩავაბარებთ, დავიხევთ რამდენიმე წლით უკან. მერე მოგვიწევს ამ ყველაფრის გააზრება, გადაფასება და იგივე პროცესის განმეორება”, – განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეფასებით, “ჩვენ ფუფუნება იმის, რომ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანოს ჩვენ ქვეყანას და რამდენიმე წლით უკან დაგვხიოს, არ გაგვაჩნია”.