აჭარის უმაღლესი საბჭოს გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა
აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიების 25 მაისის გაერთიანებული სხდომა კამათისა და ხმაურის ფონზე წარიმართა.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მიმოხილვით კანონმდებლების წინაშე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე წარდგა.
ასევე სხდომას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრები – ნუგზარ სურმანიძე და გიორგი თავამაიშვილი ესწრებოდნენ.
დავით ბალაძის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის შედეგებით, შემოსავლების ნაწილში ბიუჯეტი 118,2 %-ით შესრულდა, რაც შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელს 26,7 %-ით აჭარბებს, გადაჭარბებითაა შესრულებული საბიუჯეტო შემოსულობებიც, რომლის მაჩვენებელიც 117,3 %-ია.
მინისტრმა წინა წლების სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ეს ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელია. მომხსენებელმა წარმოადგინა ცალკეული უწყებების მონაცემებიც და უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს. სხდომაზე კამათი და დაპირისპირება მოჰყვა დეპუტატების – მედეა ვასაძისა და პეტრე ზამბახიძის მიერ დასმულ კითხვებს, რაც პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიიის თავმჯდომარე ჯემალ ფუტკარაძე, რომელიც გაერთიანებულ სხდომას უძღვებოდა, იძულებული გახდა, სხდომა დახურულად გამოეცხადებინა.