ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღებისთვის 3 პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების და გასაღების ფაქტზე, მოქალაქეები – მერაბ შუკაკიძე, გურამ კობახიძე და დავით კაციტაძე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, შპს “დედაბოძის” სახელით დაამზადეს და გაასაღეს ყალბი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლითაც, თითქოს ამ ორგანიზაციამ ერთ-ერთ შპს-ს 208 000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები მიყიდა, რის სანაცვლოდაც, მან 60 000 ლარი აიღო. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210 – ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.