დავით ნარმანია ამანის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, თბილისის მერი დავით ნარმანია იორდანიის დედაქალაქ ამანის მუნიციპალიტეტის მერს აქელ ბილტაჯის შეხვდა.
გაცნობით შეხვედრაზე ორი დედაქალაქის მერმა თბილისსა და ამანს შორის მუნიციპალური სერვისების მიწოდების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმის, კულტურის და სხვა სფეროებში სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრა. მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უკვე მზად არის ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მხარეებმა გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მომავალი წლისთვის იგეგმება საქართველოსა და იორდანიის დედაქალაქებს შორის დაძმობილება.
„არსებობს მთელი რიგი სფეროები, სადაც ჩვენ გვაქვს წარმატებული რეფორმები, რომელსაც გავუზიარებთ მათ. თავის მხრივ, ისინი საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ იმ ძირითადი მიდგომების შესახებ, რითაც ქალაქის მართვა ხდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
„საქართველოსა და იორდანიას შორის არის დიპლომატიური ურთიეთობები. ჩვენ გვსურს, რომ დედაქალაქებს შორისაც გაფორმდეს თანამშრომლობის შესახებ დოკუმენტები და შეთანხმებები სხვადასხვა სფეროებში. მათ შორის კულტურულ, ტურისტულ საინჟინრო და ინფრასტრუქტურულ სფეროებში, რადგან ამ მიმართულებით ეს განსაკუთრებით საჭიროა“, – განაცხადა ამანის მერმა.
შეხვედრის დასასრულს აქელ ბილტაჯიმ დავით ნარმანია ამანში მიიპატიჟა.