„აშშ-ს საელჩოში აქვთ სქემა, სადაც უკვე გაწერილია, უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე რა ციფრები უნდა დაჯდეს“

გიგლა ბარამიძე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ სოციალურ კვლევას უნდობლობას უცხადებს. „საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო კვლევის შედეგები ამერიკის საელჩოში, ელჩის ოფისში იწერება“,- აღნიშნული განცხადება „გაერთიანებული დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ბარამიძის განცხადებით, ამერიკის საელჩოში უკვე პოლიტიკური სცენარიც დაწერილია. მისი თქმით, მათ უკვე შეადგინეს სქემა, რომელშიც გაწერილია, თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოში რა ციფრები უნდა დაჯდეს.
„ნუთუ არ დაიმსახურა ქართველმა ხალხმა, რომ ჰყავდეს დამოუკიდებელი, ეროვნული სოციალური კვლევების სააგენტო. საერთაშორისო ინსტიტუტები თავიანთი შეკვეთების მიხედვით გვეუბნებიან, რა გვჭირს. NDI -და IRI პოლიტიკურ კონიუნქტურას და სიტუაციას აყოლილი ორგანიზაციები არიან. არჩევნების წინ მათ მიერ წინასწარ დაანონსებული ციფრები თუ ანალიზი არ მართლდებოდა. ჩვენ ამ კვლევებს არ ვენდობით, თუმცა მათში არის რამდენიმე მუხლი, რომელსაც კვლევები არ სჭირდება, ესაა საზოგადოების დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ, ან სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობა… ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ეს მძიმეა, ამიტომ ჩვენ მათ რეიტინგებს არ ვენდობით. ეს რეიტინგები და კვლევები აშშ-ს საელჩოს შენობაში პირადად ელჩის ოფისში იწერება.
მეტსაც გეტყვით, იქ უკვე გადანაწილებულია სქემა, რა ციფრები უნდა დაჯდეს უახლოეს საპარლამენტო არჩევნებზე. მათვე  გაწერილი აქვთ, რომელი პარტია ვისთან უნდა გამოვიდეს კოალიციით. დიპლომატიურ მისიას ამის არც მორალური და არც ეთიკური უფლება აქვს, არც ვენის კონვენცია აძლევს ამის უფლებას. თუკი აშშ-ს ელჩი თავისი პირადი ურთიერთობის დონეზე თუ სხვადასხვა მოსაზრების გამო ასეთ ქმედებებს გააგრძელებს, თუ არ მოუხმობენ ჭკუას და არ დაანებებენ ცხვირის ჩაყოფას იქ, სადაც მათი საქმე არ არის, ჩვენ მათ კანონის ფარგლებში ძალიან საინტერესო სიურპრიზს ვუმზადებთ“,- აღნიშნა გიგლა ბარამიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები