ჩინეთის მთავრობამ საქართველოს 10 764 000 აშშ დოლარის ღირებულების სამელიორაციო ტექნიკა გადასცა (ფოტოკოლაჟი)

ჩინეთის მთავრობამ საქართველოს, გრანტის სახით, 10 764 000 აშშ დოლარის ღირებულების 245 ერთეული თანამედროვე სპეცტექნიკა და ელექტრო-მექანიკური დანადგარი გადასცა, – ცერემონიას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. ექსკავატორი, სატვირთო მანქანა, ბულდოზერი, ბეტონის ამრევები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები, ტრაქტორები, – ეს იმ ტექნიკის არასრული ჩამონათვალია, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ათეული წლებია, ჩვენს სარწყავ-სამელიორაციო სისტემას რეაბილიტაცია არ ჩატარებია, რაც ძალიან დიდ პრობლემას უქმნიდა ჩვენს გლეხებს და ფერმერებს. ჩვენ დავიწყეთ სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტები. აღნიშნული სპეცტექნიკა კი საშუალებას მოგვცემს, უფრო სწრაფად და ეფექტიანად ვაწარმოოთ სარწყავი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის საფუძვლიანად მოწესრიგებას და განვითარებას. გარდა ამისა, ხელმოწერილია ჩინურ-ქართული თანამშრომლობის პროექტი – „ბოსტნეულის მოშენების ტექნოლოგია საქართველოში“, რომლის ფარგლებშიც 30-ზე მეტი სათბური აშენდება“, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ჩინური ინვესტიციები იზრდება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს კვლავ ეძლევა საშუალება, შეასრულოს თავისი ისტორიული ფუნქცია და გახდეს უმოკლესი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის. „ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენა არის ახალი იმპულსი, რომელიც ერთიან სავაჭრო სისტემაში აქცევს ქვეყნებს ევროპიდან ჩინეთამდე. აბრეშუმის გზა ახალ შესაძლებლობას უჩენს არა მარტო ჩვენს ქვეყანას, არამედ ევროპისა და აზიის ქვეყნებსაც, დაამყარონ ახალი ეკონომიკური კავშირები და სავაჭრო ურთიერთობები“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ჩინეთთან, რომელიც საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია.

11212776_851782701579474_6787775309302756391_n

11167689_851782744912803_306469041733525323_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები