საკრებულოს თავმჯდომარემ გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაცია მიიღო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი გერმანელ ბიზნესმენთა დელეგაციას შეხვდა. კომპანია Geo mar energy-ის მმართველი დირექტორი მარტინ შალოუ, ამავე კომპანიის დირექტორატის წევრი ოტტო დე კრიგნი და კომპანია „მორი და კორშტეინის“ მმართველი დირექტორი გეორგ მორი დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ, საკრებულოს ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ ლევან დარახველიძემ, საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა და ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა შალვა ოგბაიძემ სასტუმრო ოთახში მიიღეს.
მისალმების შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა სტუმრებს დაინტერესებისა და მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. ესაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, თბილისის განსაკუთრებულ როლზე და საკრებულოს შენობის მოკლე ისტორია გააცნო. თავის მხრივ, სტუმრებმა თავმჯდომარეს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ამის შემდეგ საქმიანი შეხვედრა გიორგი ალიბეგაშვილის კაბინეტში გაგრძელდა. სტუმრებმა საკრებულოს დეპუტატებს თავიანთი კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. წარუდგინეს პუნქტობრივი გეგმა იმ სფეროებისა, რომლებშიც ისინი ჩვენს ქვეყანაში ინვესტირების განხორციელებას გეგმავენ. გერმანელი ბიზნესმების ინფორმაციით, მათი ინტერესების სფეროს წარმოადგენს ქალაქის გარე განათება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მეორადი ზეთის გადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობა.
შეხვედრაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ბიზნესმენებს მათთვის საინტერესო სფეროებთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათ მიერ წარმოდგენილი გეგმების განხორციელების პერსპექტივები დასახეს. შეხვედრის ბოლოს, რომელიც საათზე მეტხანს გაგრძელდა, საკრებულოს თავმჯდომარემ ბიზნესმენებს წარმოდგენილი წინადადებებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა, კომპეტენციის ფარგლებში მხარდაჭერა აღუთქვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები