„ანძაზე შუქურის გათიშვამ საფრთხე შეუქმნა უსაფრთხო ფრენებს“

  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო თბილისის სატელევიზიო ანძაზე გარე განათების გათიშვის ფატთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შუქურის გათიშვამ, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, საფრთხე შეუქმნა უსაფრთხო ფრენებს. “20 იანვარს ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებითა და მათი დავალებით, გაითიშა თბილისის სატელევიზიო ანძის გარე განათება იმ მიზეზით, რომ, როგორც ეს ქალბატონ სევდია უგრეხელიძის განცხადებაშია ნათქვამი, მათ გადაწყვიტეს გამოიყენონ “ხერხი, რომელიც მიღებულია მსოფლიო პრაქტიკაში და ეს არის “Government shutdown”. შეგახსენებთ, რომ თბილისის სატელევიზიო ანძა არის შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრის” ბალანსზე, რომელიც, თავის მხრივ, პასუხისმგებელია მის სწორად ექსპლუატაციაზე. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქალაქ თბილისის მერიის ზემოაღნიშნულ ოფიციალურ განცხადებამდე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცა 18:08 საათზე, თბილისის სატელევიზიო ანძის გარე განათება უკვე იყო გათიშული შესაბამისი პირების მიერ, რაც დაახლოებით 16:30 საათზე განხორციელდა და აღნიშნულის თაობაზე არ იყო ინფორმირებული შესაბამისი უწყება, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა სატელევიზიო ანძაზე განთავსებული ე.წ. შუქურის მუშა მდგომარეობაში მოყვანას. როგორც წესი, აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრი” მინიმუმ ერთი დღით ადრე მაინც უნდა ყოფილიყო ინფორმირებული, გამომდინარე იქედან, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლებელია საფრთხის შემცველი გამხდარიყო სწორედ ჩვენი მოქალაქეებისთვის. აღსანიშნავია, რომ სატელევიზიო ანძის გარე განათება, გარდა იმისა, რომ გამოიყენება ქალაქის იერსახის წარმოჩენისთვის, მას ასევე პირდაპირი კავშირი აქვს საავიაციო უსაფრთხოებასთან. კერძოდ, შუქურის გათიშვამ, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა, საფრთხე შეუქმნა უსაფრთხო ფრენებს და ამ პერიოდის განმავლობაში, ქართველი ავიამეთვალყურეები უსაფრთხოების დაცვის მაღალ პარამეტრებზე იყვნენ გადასულები. საჰაერო ხომალდებს თბილისის თავზე ფრენის უფლება მიეცათ მხოლოდ სიმაღლისა და მარშრუტის შეცვლით. აღნიშნული კი, მართალია ფრენის უსაფრთხოების დასაცავად საკმარისი იყო, თუმცა გაიზარდა საჰაერო ხომალდების ფრენის ხანგრძლივობა და ხომალდებს დასაშვებ ნორმაზე მეტი ვერტიკალური სისწრაფით მოუხდათ დაშვება, რასაც შეიძლებოდა უარყოფითად ემოქმედა მგზავრების კომფორტულ გადაადგილებაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მივმართავთ ქალაქ თბილისის მერიას, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შესაძლოა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს ჩვენი მოქალაქეების პირადი ცხოვრებისა და მათი პირადი ინტერესებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები