„დასავლეთის სცენარით, მიზიდულობის ცენტრი „რესპუბლიკელები“, მათთან ერთად კი „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებიან“

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელისუფლების „რესპუბლიკური პარტიისთვის“ გადაბარების პროცესის დაწყებაზე და ამ პროცესებში ამერიკის მონაწილეობაზე საუბრობს.
როგორც მან პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, თინა ხიდაშელის თავადცვის მინისტრად დანიშვნა ივანიშვილთან ამერიკის ელჩის ვიზიტს უკავშირდება. მანვე ისაუბრა პარტიის იმ წევრებზე, რომლებიც „რესპუბლიკელებს“ ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მაღალ პოსტებზე ჰყავთ.
„ხელისუფლების ხავერდოვნად ჩანაცვლების პროცესი დაიწყო. ამერიკის ელჩი პირადად ეწვია ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბატონ ივანიშვილს, და მასთან ურთიერთობაში მიღებულია გადაწყვეტილება, რომლითაც „რესპუბლიკელებს“ მიეცათ სრული კარტ-ბლანში, რომ მომავალში ლიბერალურ ფრთაზე მთავარი მიზიდულობის ცენტრი იყოს. „რესპუბლიკური პარტია“ სახელისუფლებო ვერტიკალის ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან პოსტებს ფლობს. მათ შორის აღმასრულებელში, საპრეზიდენტოში, შეგახსენებთ, რომ ქალბატონი ირინა იმერლიშვლის უშიშროების საბჭოს მდივანი საქართველოს პარლამენტში სწორედ „რესპუბლიკური პარტიის“ სიით შესული გახლდათ. ასევე ადგილობრივ თვითმართველობაში, მნიშვნელოვანია თბილისის საკრებულოში დავით ზურაბიშვილის წარმომადგენლობა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი იყო ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის შემუშავების საქმეში. აღმასრულებელ მთავრობაში არ უნდა დაგვავიწყდეს ბატონი შერგელაშვილის როლი, რომელიც მთავარი ინიციატორი იყო რეგიონული თვითმართველობის კოდექსისა, რასაც მთელი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა, თვითმართველობის კოდექსის თანაავტორი გახლავთ ასევე ქალაქის მერი დავით ნარმანიაც, რომელიც მათი არაფორმალური წარმომადგენელია. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, დღესაც იზიარებს და ემხრობა იმ იდეოლოგიას, რომელიც „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს, რადგან მას მისი პოზიცია ამ პარტიის წევრობით ჰქონდა გამოხატული. საკანონმდებლო ორგანოს განაგებს დავით უსუფაშვილი, რომლის ავტორიტეტიც და რეალური ძალაუფლება ყოველდღიურად იზრდება. დასავლეთის სცენარის მიხედვით მიზიდულობის ცენტრი უნდა იყოს „რესპუბლიკური“ პარტია, მათთან ერთად იქნებიან „თავისუფალი დემოკრატები“ და „ნაციონალური მოძრაობა“ მინუს ოდიოზური ფიგურები“,- განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები