ტარიელ ხეჩიკაშვილი: გარიგებული მატჩები ქართული სპორტისთვის ძალიან დიდი ლაქაა

გარიგებული მატჩები ქართული სპორტისთვის ძალიან დიდი ლაქაა, – ასე გამოეხმაურა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გარიგებულ თამაშებთან დაკავშირებით შს სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.
ხეჩიკაშვილი მსგავს ფაქტებზე ფეხბურთის ფედერაციისა და მისი უწყებისგან დროული რეაგირების აუცილებლობაზეც საუბრობს.
“ეს ძალიან ცუდია ქართული ფეხბურთისთვის, სპორტული სამყაროსთვის და ალბათ, დროულად უნდა მოახდინოს რეგირება ფედერაციამაც, ჩვენ სპორტის სამინისტრომაც. ასეთი ლაქა ქართული სპორტისთვის ძალიან ცუდია და უნდა შევქმნათ ისეთი სისტემები, რომ ასეთი ფაქტები ერთობლივად აღიკვეთოს”, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ქუთაისში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ პროფესიული სპორტული შეჯიბრებების მონაწილეთა მოსყიდვის ფაქტზე დააკავეს: საფეხბურთო კლუბ „სტუ თბილისის“ პრეზიდენტი ოთარ შენგელია, საფეხბურთო კლუბ “საჩხერის ჩიხურას“ ყოფილი სელექციონერი და ყოფილი ფეხბურთელი დავით გენძეხაძე, აზიური ტოტალიზატორის – „ibcbet“-ის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში ომარ ნ, საფეხბურთო კლუბ „ხარაგაულის ჩხერიმელას“ მოქმედი ფეხბურთელები – გიორგი გ. და თემურ ს, საფეხბურთო კლუბ „ქუთაისის ტორპედოს“ ყოფილი ფეხბურთელი გიგა ბ, ასევე ორი პირი – იოსებ გ. და გიორგი კ, რომლებიც მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები